ირაკლი ღარიბაშვილი - მისასალმებელია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას
ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა. ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ ყოველგვარი პირობების გარეშე მოხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთთან.
„მინდა, ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები რუსეთში წასასვლელად. ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.
ზოგადად, უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი. საერთოდ არაფერი არ მოუთხოვიათ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა და არაფერი. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ, სულ მცირე, უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. მინდა, ეს ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.
ალბათ დამისვამთ კითხვას, რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას თუ აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. აქვს, მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ის წევრი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. რა თქმა უნდა, დადებითი და მისასალმებელია ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.