ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, „თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს მივმართო თხოვნით, პროტესტის ფორმა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, „თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს მივმართო თხოვნით, პროტესტის ფორმა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს

მინდა, განმარტება გავაკეთო, რომ ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები ხელს უწყობს უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაგეგმილ „ღირსების მარშსა“ და მათი მოწინააღმდეგეების აქციაზე ისაუბრა.

„როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა, მათ განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ამ ადამიანების დისკრიმინაცია. ჩვენს მოსახლეობას არავისთან არ აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე ეს ადამიანები, უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობენ და ცხოვრობენ ნორმალურ რეჟიმში, მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის. მინდა ვთქვა, თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება არ შეიძლება. ამ აქციის მოწინააღმდეგეების მრავალრიცხოვანი აქციაა დაგეგმილი, მინდა, მათ მივმართო თხოვნით, რომ ესეც მათი კონსტიტუციური უფლებაა და ყველაფერი უნდა ჩატარდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, პროტესტის ფორმა უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა შეიცავდეს ძალადობის რაიმე ნიშნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა.

„მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ არავითარ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, დღევანდელი დღე ვმართოთ და ჩავატაროთ მშვიდად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს აქვს ტრადიცია, წესები და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ტრადიციებსა და წესებს, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში“, – განახცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.