ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, სინანულით შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესებულა
საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ჩვენ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული.
„მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა, აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ, არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მე აქვე მინდა, გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკურ პროექტები და არავითარი სანქცია სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, პირიქით, ომის შემდეგ სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს მოხდა ომის შემდეგ. შედეგად საქართველო დღესაც ოკუპირებულია სტატუსკვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.