ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას, როგორც ჩანს, მაშინ არავის გახსენებია ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა
მინდა, გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი გაწირა, თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს, არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ ჯარისკაცების რეკორდული რაოდენობა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატო-ში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფერის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. ჩვენს მოქალაქეებს მინდა, მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინასა და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები, საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია.
„იმედი მაქვს, ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ ნახა, ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების როგორი სურვილი აქვთ. შემოსვლის დღიდან ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს. ასევე მინდა, ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, არაერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიეტუვაც და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა, რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა – უკრაინასა და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან – იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენ იმსახურებთ ევროპულ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.