ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მოვიწონო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის გადაწყვეტილება, ოპოზიციის წარმომადგენლების შემოსვლა პარლამენტში, რაც ერთადერთი გონივრული პოზიციაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს არავითარი კრიზისი, გარდა იმისა, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.
ღარიბაშვილის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი. მისივე თქმით, ოპოზიციის იმ წარმომადგენლების გადაწყვეტილება, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, მოსაწონია.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია.
„მინდა, მოვიწონო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის გადაწყვეტილება, ჩვენი ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში, რაც ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი პოზიციაა. აქედან გამომდინარე, ძალაშია ჩვენი შეთავაზება, მაგრამ ერთი პირობით, ერთი დათქმით, რომ ჩვენ არ დაველაპარაკებით რადიკალურ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ, და რომლებიც აბსოლუტურად უარგუმენტოდ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. დანარჩენი არის შესაძლებელი, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. მინდა, ამ ტრიბუნიდან დავადასტურო აღნიშნული მზაობა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ წარვმართავთ და როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან. ძალიან მოკლე ვადებში ვაჩვენებთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.