ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტსა და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით ჩემს ინიციატივას
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით ჩემს ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ონლაინკაზინოები მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო.
„უამრავი ადამიანი – არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინთამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული – 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.
1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინთამაშებზე და ონლაინკაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.