ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ვკითხო ძვირფას ოპონენტებს, ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი გაგიკეთებიათ
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ვკითხო ძვირფას ოპონენტებს, ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი გაგიკეთებიათ

ომის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველომ, მათი ლიდერობით, მათი ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ რეზოლუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები.

„გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი და ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. ახლა რატომ მოვყევი ამდენი – მინდა, ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ, ბოლომდე მოისმინონ მათი ყველა დანაშაული. დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ – სანქციებს რატომ არ შეუერთდით, რატომ არ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები – ანუ ჩვენს ხალხს რატომ არ დაუწესეთ სანქციები, ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტობრივად, ამ რისკის გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა გესაუბრეთ, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მინდა, ვკითხო ძვირფას ოპონენტებს – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არაფერი გაგიკეთებიათ. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ, პირიქით – ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიჰყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები, უამრავი, ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა დაუწესა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.