ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი
ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისა და ნდობისთვის.
„მადლობა მეგობრებო. მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადწყვეტილება და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვარ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები. მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, – განცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.