საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„მოგილოცავთ სპეციალური ოპერაციების ძალების იუბილეს. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო სპეციალური ოპერაციების ძალების თითოეულ მებრძოლს, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმით, თავდადებით, გმირობით ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულება და თავგანწირვა. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე, მიღებული აქვს ღირსეული მონაწილეობა მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში.
მისივე თქმით, მუხროვანის ბაზაზე, დაპირებისამებრ, აშენდება ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შესაბამისი იქნება ნატო-ს სტანდარტებთან.
„სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე, მიღებული აქვს მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეული მონაწილეობა. თქვენ ყოველთვის გმირულად და მამაცურად იცავდით და იცავთ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მინდა, აქვე ქედი მოვიხარო ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი გმირი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა ვეტერანს, ვინც ერთგულად ემსახურა თქვენს ქვედანაყოფს, ვინც ღირსეულად ემსახურა თავდაცვის ძალებს და ჩვენს სამშობლოს. თქვენ, ყველას, ძვირფასო ოფიცრებო, დიდი როლი მიგიძღვით ჩვენი ჯარის გაძლიერების საქმეში. ამაზე ეროვნული, ამაზე საპატიო საქმე დღეს ჩვენ არა გვაქვს. ჩვენი ვალია მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ქართული ჯარი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს თქვენთვის, ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ბოლო წლებში ჩვენ, ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და დღესაც ჩვენ, ყველანი ერთად, აღვნიშნავთ მართლაც მასშტაბური პროექტის დაწყებას მუხროვანის ბაზაზე. ეს იყო ჩვენი დაპირება. აშენდება ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს. ესაა 70 მილიონიანი პროექტი, რომლის მშენებლობაც დღეს, სიმბოლურად, ეგრეთ წოდებული კაფსულის ჩადებით დავიწყეთ და სულ რაღაც ორი წელიწადში დასრულდება სამუშაოები,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული დახმარებისათვის.
„ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თქვენი ქვედანაყოფის გაძლიერების საქმეში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ და ნატო-ს წევრი სხვა სახელმწიფოების ჯარები და მათი დახმარება, რომელიც წლების განმავლობაში იყო მართლაც ფასდაუდებელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,“ – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა.
სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლისაა. სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისათვის საჩვენებელი სწავლება გამართეს, რომელიც საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირებით მართვისა და კონტროლის დახვეწას ისახავდა მიზნად. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს.
სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ასევე სიტყვით მიმართეს და 23 წლის იუბილე მიულოცეს ჯუანშერ ბურჭულაძემ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა. მათ სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოსთვის გაწეული ღირსეული და მაღალპროფესიონალური სამსახურისათვის მადლობა გადაუხადეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში სამხედრო შენაერთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.
ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას გადაეცა: უწყებრივი მედლები – „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, I, II და III ხარისხის მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“, საშტატო იარაღი და ფასიანი საჩუქრები. დაკისრებული მოვალეობების მაღალხარისხიანად შესრულებისთვის სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ მეთაურის მადლობა და გადაეცათ მადლობის სიგელები.
1999 წლის 22 ნოემბერს კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე დაიწყო „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“, რომელიც 12-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა და პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველი საარმიო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის არსებობას. სპეციალური ოპერაციების ძალები მისი შექმნის დღიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, აქტიურად იცავდა მსოფლიოში მშვიდობას სხვადასხვა დროს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.