ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ეპიდსიტუაციას ვმართავთ, მადლობა ჩვენს ექიმებს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, წელს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა. მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მაჩვენებელი მეტად გაიზრდება.
„მთელ რეგიონში კი არა, მთელი ევროპის მასშტაბით გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს წელს და დიდი ალბათობით კი არა, საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახალი წლიდან ჩვენ მეტ პროექტს განვახორციელებთ, მეტად წავახალისებთ მცირე და საშუალო ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ზოგადად, ბიზნესთან გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რათა საერთო სინერგია შევქმნათ და მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა კოვიდლატარია, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობაში გადანაწილდა მილიონი ლარი, რაც თავისთავად მიუთითებს ეფექტურობაზე.
საკითხზე კომენტირებისას პრემიერმა ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და მოქალაქეებს აცრებისკენ მოუწოდა.
„მილიონი ლარი გადანაწილდა ჩვენს მოსახლეობაში, ეფექტურია, როდესაც მილიონი ლარის ათვისება მოხდა. ვფიქრობ, იმოქმედა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ეთერებით და მოსახლოებას მივმართო, მოვუწოდო, მოგეხსნებათ, ვაქცინების ხელმისაწვდომობის არანაირი პრობლემა არ გვაქვს. პირველ ოქტომბერს ჩამოვიტანეთ დამატებით ერთი მილიონი „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც არის ხელმისაწვდომი, გვაქვს „ფაიზერი“, „სინოფარმი“. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. ამას გარდა, მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ჩვენ სიტუაციას ვმართავთ, კონტროლის ქვეშ არის. მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ ძალიან გმირული საქმიანობა გასწიეს, ეწევიან და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი საქმიანობის დასაფასებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.