ირაკლი ღარიბაშვილი - მიმდინარეობს პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო-ტექნოლოგიურ სისტემებთან ჩვენი შესაძლებლობების ჩართვაზე მუშაობა, რაც გაზრდის საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების სექტორში
კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სადაზვერვო-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამხედრო-სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას.
„საქართველოსთვის, როგორც შეზღუდული თავდაცვითი რესურსის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არსებული საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების შესახებ წინმსწრები სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებასა და რეალიზებას. შესაბამისად, თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამხედრო-სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას. კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სადაზვერვო-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე. მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების ჩართვაზე მუშაობა პარტნიორი ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც კონტრიბუტორი ქვეყნის როლს გლობალური უსაფრთხოების სექტორში და ამასთანავე, გააფართოებს სადაზვერვო ინფორმაციის წვდომის არეალს. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.