ჩვენ ბოლო შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
„მოვდიოდით რა ამ კუთხეში, მე გამახსენდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი დამფუძნებლის სტუმრობა სვანეთში. გახსოვთ, მაშინ როგორი სპექტაკლის დადგმა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების მავნებელმა პოლიტიკოსებმა. მაშინ თქვენ ღირსეული პასუხი გაეცით იმ პროვოკაციას. ამ ღირსებისა და ვაჟკაცობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით! ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ.
ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და მოგვცა მანდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძლიერად დავიცავთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ მანდატს. 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის რვაწლიანი პერიოდი არის ის ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი.
მთავრობის მეთაურმა კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ თავი ვერ აარიდა უმძიმეს პროვოკაციას.
„ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა, გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცეს მტერსა და ოკუპანტს. მათ ვერ აარიდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ასეთ უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ყველამ იცოდა, თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში მცხოვრებმა, ცხინვალისა და ცხინვალის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, მაგრამ მაშინ, იმის მაგივრად, რომ მათ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, ჩაერთოთ მთელი მსოფლიო, გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს. მძიმე პროვოკაციის თავიდან არიდების ნაცვლად, ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმულმა დაკარგული სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია და მე აღარ მინდა, ამის თაობაზე ბევრი ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლით მათ ვახსენებ, თუ ვინ არიან ისინი. დღეს, ვუყურებთ რა მათ საარჩევნო კამპანიას, გამოდიან შემდეგი ლოზუნგებით, რომ 2021 წლის მოახლოებული არჩევნები, თურმე არის რეფერენდუმი. კარგად უნდა გავარჩიოთ, რას გულისხმობენ ისინი. 2020 წლის არჩევნებში, ჩვენმა გუნდმა მეშვიდედ, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იღებს პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში, კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ხელოვნური, გამოგონილი ბრალდებებითა და პროვოკაციებით, საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის მუშაობას, რითაც მათ პრაქტიკულად დააზიანეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ვინაიდან დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს არჩევნები გაყალბდა.
„ამ დროს მილიონმა ადამიანმა, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მმართველობას. შემდეგ, მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი მეგობრების – შარლ მიშელის, აშშ-ის დიდი დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება – გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, წინასწარ დაიწყონ სპეკულაციები, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭვირვალედ. ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე. მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. ასევე, ჩვენ გვჭირდება მობილიზება, ჩვენს ამომრჩეველს, კოორდინატორებს, აქტივისტებს, რომ არავის მივცეთ რაიმე სახის პროვოკაციის განხორციელების საშუალება. არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად მშვიდ და თავისუფალ, გამჭვირვალე პირობებში. ამას გარდა, მე გამოვედი ინიციატივით და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად გვიჭერს მხარს, ჩვენი პარტია და ასევე ცესკო გამოეხმაურა ამ ინიციატივას, რომ არჩევნები ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო გარემოში. ჩვენ დავიწყეთ და მაქსიმალურად დავაჩქარეთ ვაქცინაციის ტემპები და დავიწყეთ კოორდინატორების, მერების, ყველა კანდიდატის აცრა და ეს ჩვენი პარტიით დავიწყეთ. ჩვენ ცესკო-ს შევთავაზეთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა ამ პროცესში, რაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. გუშინ და გუშინწინ ჩვენ გვქონდა რეკორდული აცრები, 30 000-ს გადააჭარბა 24 საათში ჩატარებული აცრების რაოდენობამ, რაც სასიხარულოა, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.