ირაკლი ღარიბაშვილი - მე თქვენი ბოდიში არ მჭირდება, ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიაში ვინც იყავით ჩართული, ბოდიში მოუხადეთ ქვეყანას
რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებით ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა არის პირნათელი, მართალი, სააკაშვილი და მისი ლობისტები არიან მტყუანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მავნებლური კამპანია აწარმოეს სააკაშვილის ლობისტებმა და მავნებელმა ოპოზიციონერებმა.
„ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს მავნებლური, მტრული კამპანია, რომელიც აწარმოეს მავნებელმა ოპოზიციონერებმა სააკაშვილის ოჯახის ლობისტების მეშვეობით, თითქოს ჩვენ იგი მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამებთ და ასე შემდეგ. რამდენიმე კვირის წინ ხომ გამოჩნდა, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რითიც ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა არის პირნათელი, მართალი, სააკაშვილი და მისი ლობისტები არიან მტყუანი. ამით დასრულდა მრავალთვიანი, ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, ისევე როგორც დასრულდა ანალოგიური კამპანია სანქციების გვერდის ავლის თაობაზე. ამიტომ, მეგობრებო, თუ ვინმე ხართ, თუ ვინმეს კიდევ გაქვთ კითხვები, რომლებიც ჩართულნი იყავით შეგნებულად თუ შეუგნებლად ამ კამპანიაში, კეთილი ინებეთ და ბოდიში მოუხადეთ ქვეყანას. მე თქვენი ბოდიში არ მჭირდება, ქვეყანას მოუხადეთ ბოდიში. აქ ერთ-ერთი ბატონი გამოვიდა შეკითხვით, თუმცა არ ვიცი, რატომ უნდა ვუპასუხო. კითხვას სვამენ, შემდეგ გარბიან დარბაზიდან. რა ზრდილობაა ან საერთოდ რაზეა საუბარი, და ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ მათ სურთ პოლარიზაციის დასრულება, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.