ირაკლი ღარიბაშვილი - მე, როგორც პრემიერი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, ამ მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებ
ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, ნებისმიერ მოქალაქეს და მით უმეტეს პოლიტიკოსს, აქვს უფლება, გაემიჯნოს გუნდს. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას. პრემიერის განცხადებით, ეს არის სტანდარტი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდმა დაამკვიდრა ქვეყანაში.
„შესაბამისად, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს, გამჭირვალე და დემოკრატიულ პროცესს, არავითარ შეფერხებას არ შევუქმნით. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას. ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით მაქსიმუმს აკეთებს.
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან, ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას და გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებ, ეს არის ჩემი პოზიცია“, – აღნიშნა პრემიერმა.