ირაკლი ღარიბაშვილი - მე არ ვებრძვი ოპოზიციას, ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს, მაქვს მკაფიო პოზიცია და ვერავინ შემაცვლევინებს
როგორც ჩანს, თქვენ აყოლილი ხართ „ნაცების“ რიტორიკას, მათ მიერ მოგონილ რაღაცებს, თითქოს რაღაც კლანი მაქვს თუ მქონდა. ჩამოყალიბდით მქონდა თუ მაქვს. არ მაქვს და არც მქონია არავითარი კლანი. ზოგადად, თუ მე ვინმესთან კონტაქტი გავწყვიტე, ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, შეიძლება მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო ექვსი წლის წინ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის კითხვას პრემიერობის კანდიდატის ნათესავებთან დაკავშირებით.
ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს შემდეგი კითხვით მიმართა: „რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ვაფრთხილებდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო. შემდეგ ეს თქვენც დაადასტურეთ და თქვით, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. გვითხრათ, რატომ არ უშვებთ ამ ხალხს სახლში. რა გარანტიაა, რომ თქვენი პრემიერობის შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, ქართულ -ჯიგრულ -ნათესაურ პონტში, ისევ არ დაფაცურდება ეს ხალხი და სულ მცირე თქვენგან ისევ საყვედურს არ მიიღებს“.
როგორც კითხვით პასუხად ღარიბაშვილმა აღნიშნა, „შეცდომა ყველას მოსდის“.
„მე წესებით ვცხოვრობ, მათ შორის წესები მაქვს ურთიერთობაშიც, ვინც ამ წესებს არღვევს, მათთან უბრალოდ ვწყვეტ ურთიერთობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის არ ებრძვის ოპოზიციას.
„რატომ ვებრძვით ოპოზიციას? მე არ ვებრძვი ოპოზიციას, თქვენ ნუ ხართ აყოლილი „ნაცმოძრაობას“, გამოდით ამ კომპლექსიდან. ვიცი, რომ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და იმიტომ ზიხართ პარლამენტში. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს. ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი ახადა, გაასამართლა. ამ ხალხს ვებრძვი და ყველაფერს გავაკეთებ, როგორც რიგითი მოქალაქე, პოლიტიკოსი, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასდროს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება, ამას თუ ვერ ხედავთ, არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი. საიდან მოგდით ეს აზრი. აყოლილი ხართ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნარატივს. მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს, როგორც შიდა, ასევე გარე მტრებს. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, როდესაც ისეთი პოზიცია დავაფიქსირე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. მე მაქვს მკაფიო პოზიცია და მას ვერავინ შემაცვლევინებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან ნორმალურმა ადამიანმა ისაუბროს. თქვენ იდექით მათთან ერთად და კარგია რომ გამოეცალეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ვეტერანების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე სპეციალურ პროგრამაში აუცილებლად იქნება საუბარი.
„სპეციალურ პროგრამაში ცალკე მიმართულებას განვავითარებთ და ასი დღის ვადაში ვეტერანების საკითხიც იქნება შემოთავაზებული“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.