ირაკლი ღარიბაშვილი - მდგომარეობა, რომელსაც ჭიათურელები აპროტესტებენ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო
გვჯერა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ღირსეულად მოემსახურება ხალხს, ჭიათურელებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ თქვენს წინაშე არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში, პარტიის მიერ ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ადასტურებს გივი მოდებაძის მხარდაჭერას.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, მდგომარეობა, რომლის გამოც ჭიათურაში პროტესტი არსებობს, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.
„მინდა, შევახსენო ყველას, ჯერ კიდევ სამწუხაროდ ჩვენ ოპონენტებად წოდებულებს, დღევანდელი მდგომარეობა, რის გამოც ჩვენი ჭიათურელები აპროტესტებენ მათ ყოფას, დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. მინდა, ისტორია შევახსენო დემაგოგ და ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად წოდებულ ამ მართლაც კრიმინალებს. ეს ისტორია კარგად ვიცი, 2007 წელს ხელოვნურად მათ გააკოტრეს ეს მრავალმილიარდიანი საწარმო, რომელიც ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, კორუფციული გარიგების საფუძველზე, სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ჩამოიყვანეს ინვესტორი, სულ რაღაც მიზერულ ფასად, რადგან თუნდაც 100 მილიონი ძალიან მცირეა ასეთი უზარმაზარი საწარმოსთვის და არავითარი ვალდებულება არ ჩაუწერეს. დაახლოებით 7-8 წლის განმავლობაში კომპანიას ეკოლოგიური მიმართულებით არავითარი ვალდებულება არ ჰქონდა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს კომპანიას დაუდგინდა შესაბამისი მოთხოვნები, რომ უნდა გამოესწორებინათ ადგილობრივი ვითარება. ეკოლოგიური ზიანი, რომელიც მიადგა გარემოს დროულ რეაგირებას საჭიროებდა.
„მაშინ დაერიცხა ამ კომპანიას ძალიან მაღალი ჯარიმაც და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურებაც. დღემდე მოვედით ისე, რომ ეს წარსულში გაფუჭებული პრობლემები ჩვენ დაგვხვდა, მაგრამ მჯერა, კომპანიის დღევანდელი მენეჯმენტი გაითვალისწინებს ჩვენი მაღაროელების ობიექტურ მოთხოვნებს და მათ ძალიან დროულად გადაუჭრის ამ საკითხებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა.
როგორც ღარიბაშვილმა შეხვედაზე აღნიშნა, ყველა ხელისუფალის ვალია, ხალხს ემსახუროს. ამასთან, ღარიბაშვილმა ჭიათურელებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.
„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ გამძლეობა, მხნეობა და თქვენი ოჯახებისა და ჩვენი დიდი ოჯახის, საქართველოს ძლიერება“, – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მაღაროელების პროტესტს, მათი ნაწილი ჭიათურაში გუშინ გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.