ირაკლი ღარიბაშვილი - მარტიდან 155 000-ზე მეტმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა
ირაკლი ღარიბაშვილი - მარტიდან 155 000-ზე მეტმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა

მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ​მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ერთდროულად გულისხმობდა როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი.

წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში, ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსება.

საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 312 508 პირი. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივი მწარმოებელი გადავა კარგი საწარმოო პრაქტიკის − GMP სტანდარტზე. ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორტებს შორის თანაბარი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, მიმდინარე წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა იმპორტირებულ მედიკამენტებზეც.

ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა უკვე დასრულებულია და 2022 წლის ბოლოს ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია“, – აღნიშნულია მოხსენებაში.