ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ მოქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
საკონტროლო გამშვები პუნქტიდან თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბაზაზე მართვის ცენტრში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მინისტრს COVID19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე თავდაცვის ძალების პრევენციული და უწყებათაშორისი მხარდამჭერი გეგმა წარუდგინა.
თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან ხუთი საკონტროლო გამშვები პუნქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დღეს დილით მოაწყო. თავდაცვის ძალების მიერ შემოვლითი გზების შვიდ მარშრუტზე ასევე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი, მათ შორის დრონების გამოყენებით. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. მოწმდება და სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საკარანტინო ზონიდან გამომავალი და შემავალი ავტოტრანსპორტი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში დღეს დილიდან ჩაერთნენ.