ირაკლი ღარიბაშვილი - მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, სამწუხაროდ, არსებობდა ხელის შემშლელი გარემოებები, საბოტაჟი, ბევრი ხელოვნური ბარიერი შეიქმნა ოპოზიციის მხრიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაცია მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულა, თუმცა ამ პროცესში ბევრი ხელის შემშლელი გარემოება არსებობდა.
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან შექმნილი იყო ხელოვნური ბარიერები და საბოტაჟი ხორციელდებოდა.
„საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა, თორმეტივე რეკომენდაციას ვუპასუხეთ და რაც შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შევასრულეთ. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ არსებობდა ძალიან ბევრი ხელის შემშლელი გარემოება, ძალიან ბევრი საბოტაჟი თუ ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს ვართ ამ მდგომარეობაში. არ მინდა, წინასწარ გავასწრო მოვლენებს და რაიმე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი – ვითვალისწინებ რა ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, აგრეთვე, ვითვალისწინებთ რა იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, შარშან მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი, უკრაინას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ საქართველოსთან შედარებით, დიდი ოპოტიმიზმით ველოდები ჯერ – რვა ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე დეკემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. არ მინდა, ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.