ირაკლი ღარიბაშვილი - მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რათა მაქსიმალურად მიიღონ საცხოვრებელი ბინები და ფულადი კომპენსაცია
მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რათა მაქსიმალურად მიიღონ საცხოვრებელი ბინები და ფულადი კომპენსაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახის წევრები. დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები. ამას გარდა, მიიღებენ ფულად კომპენსაციებსაც, რათა შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში.
ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იყოს დაშვებული.
მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ ტრაგედიაში, დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა, ამას ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მინდა ვთქვა,რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.