ირაკლი ღარიბაშვილი - მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავაგრძელებთ რეფორმებს და შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელზეც ყოველგვარი შეთანხმების გარეშე განვაცხადეთ
ჩვენი მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რომ შევასრულეთ ყველა ვალდებულება, დარჩენილია გარკვეული ვალდებულებები და ამას რა თქმა უნდა, შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რა შეთანხმება არსებობს ევროკავშირ-საქართველოს შორის, რის შესრულებას ითხოვდა ევროკავშირი და რა შეასრულა საქართველომ.
მისივე თქმით, ყველა ვალდებულება ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე შესრულდება.
„იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და შეუთანხმებლობა პოზიციებში. კერძოდ, იმ შვიდი პუნქტიდან ექვსი არის უკვე შესრულებული, ერთი შესრულდება ძალიან მალე. რაც ვთქვით, იმას ვაკეთებთ, დანარჩენი არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციები.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, გვაქვს მზაობა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავაგრძელოთ რეფორმები და რეალურად, ყველა ის ვალდებულება, რა თქმა უნდა, შესრულდება, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ, ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.