ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში გამართულ პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალექსანდრე ტაბატაძე, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის მიზანია ამ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს განვლილ პერიოდზე, გარკვეულ სირთულეებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო გლობალურ პოლიტიკასთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და სხვადასხვა ძალების მცდელობებთან, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. საუბარი ასევე შეეხო შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს.
„ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხებზე.
ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის, რომ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები და შეხვედრები რეგიონებში“, – ირაკლი ღარიბაშვილი.