ირაკლი ღარიბაშვილი - მამუკა ხაზარაძემ ბრალი დამდო, რომ ხალხს ვატყუებ და ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კილომეტრი გზა, მარტივად შეეძლო გაერკვია, რომ ქვეყანაში არის 21 101 კილომეტრი გზა, აქედან 10 ათასზე მეტის რეაბილიტაცია მოვახერხეთ
უამრავი სირთულის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა, სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, ასობით სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშენდა 170 ახალი სკოლა, 250 სკოლის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა და მომდევნო წლებში 800 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით.
„ბაღების მშენებლობა იქნება, ამბულატორიების, 100-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-მოწყობა მოხერხდა ბოლო წლების განმავლობაში. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია აღდგენა მოხდა. გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოვიდა ტელევიზიით, კერძოდ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბრალი დამდო, რომ მე ვატყუებ ხალხს და არასწორი მონაცემები მაქვს გაჟღერებული. კერძოდ, მან თქვა, რომ ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კილომეტრი გზა. ამ დროს ძალიან მარტივი იყო ამის გადამოწმება, სულ მცირე, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო ადამიანი ან მისი თანაშემწე, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კილომეტრი გზა. აქედან 10 ათასი კილომეტრზე მეტი და პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე, გზის აღდგენა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში. 150 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზის მშენებლობა დავასრულეთ და ჯამში აშენებულია 219 კილომეტრი. მხოლოდ 68 კილომეტრი იყო აშენებული წინა ხელისუფლების დროს და გაოცებული კითხულობდა, როგორ მოახერხეს ამდენიო. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენს მოსახლეობას აქტიურად არ ვაბარებთ ანგარიშს. ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემა მართლაც ეს არის. თავიდან, მოგეხსენებათ, ზღვარგადასული პროპაგანდის, კამპანიის და პიარის პირობებში, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ჩვენი მთავრობის ხელწერა შედარებით შევცვალეთ, თუმცა ეს შეცდომა იყო. ამიტომაც, ჩვენ კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტი საქმე უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროგრამები თუ სხვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის პროგრამებში 2 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და 1700-მა ბენეფიციარმა ისარგებლა შესანახი-სამაცივრე მეურნეობების მოსაწყობად განკუთვნილი პროგრამებით.
„14 ათასამდე ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, გრძელვადიანი კულტურები. 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა და ასობით საწარმო დაფინანსდა, იქნებოდა ეს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ თუ სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, იქნებოდა ეს სასტუმროების მშენებლობა და ამ მიმართულებით წახალისება თუ სხვა. ასობით ახალი სასტუმრო გაიხსნა, აშენდა, მათ შორის ჩვენი თანადაფინანსებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებული ბიძგი მივეცით ტურიზმის განვითარებას, ყველა მიმართულებით. შემთხვევითი არ იყო ის, რომ 2019 წელს საქართველოში ტურისტების, ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა – 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მაქსიმალურად სრულად ავითვისოთ ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ულამაზეს, უნიკალურ ქვეყანას გააჩნია. ვიმყოფებით რა ამ ულამაზეს, ასევე უნიკალურ მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ხონს აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, კიდევ უფრო მეტ პროგრამებს შევთავაზებთ მოსახლეობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.