ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ყველას, ვინც 13 ივნისის მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით დაეხმარა თანამოქალაქეს, მადლობა ახალგაზრდებს, რომლებმაც გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ყველას, ვინც 13 ივნისის მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით დაეხმარა თანამოქალაქეს, მადლობა ახალგაზრდებს, რომლებმაც გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს

ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისის სტიქიის შესახებ აცხადებს.

საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც 2015 წლის 13 ივნისის მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს. პრემიერ-მინისტრი ასევე მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს.

„2015 წლის 13 ივნისი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. უმძიმესი განსაცდელი დაგვიდგა – სტიქიური უბედურების ზონად ქცეული დედაქალაქი და არაერთი შეწირული სიცოცხლე. პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას.

ეს ღამე იქცა ჩვენი მოქალაქეების, გასაოცარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანების ერთობის სიმბოლოდ.

სტიქიას ვებრძოდით ყველა ერთად, ერთიანი ძალებით. არაერთი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი ვნახეთ, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

მადლობა ყველას, ვინც იმ მძიმე ღამეს თუნდაც მცირედით მაინც დაეხმარა თავის თანამოქალაქეს, მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი შესრულდა.