ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა პარლამენტს აზარტული თამაშების რეგულაციების მხარდაჭერისთვის, მადლობა ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას
მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციების მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობას ვუხდი ხალხს, ვინც პირველივე დღიდან მხარს უჭერს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, კანონპროექტის საფუძველზე, აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.
„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.
2022 წლის პირველი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25-წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.
პირველი მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.
აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.
სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს – ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით – ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციების შესახებ კანონი დღეს დაამტკიცა. კანონპროეტს მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. ახალი რეგულაციები 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.