ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ჩვენს ასი ათასობით მხარდამჭერ ამომრჩეველს, რომელთა დახმარებით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო შვიდი არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ათასობით და ასი ათასობით მხარდამჭერ ამომრჩეველს, რომელთა დახმარებით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო შვიდი არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების განმსაზღვრელია, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს მიღწეული გამარჯვება ის მყარი საფუძველი აღმოჩნდა, რამაც საქართველოს შემდგომი განვითარება განაპირობა, მჩაგვრელი და ძალადობრივი რეჟიმი კი „ქართული ოცნების“ გუნდმა თანამოქალაქეების მხარდაჭერით წარსულს ჩააბარა.
„მინდა, დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ათასობით და ასი ათასობით მხარდამჭერ ამომრჩეველს, რომელთა დახმარებით „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო შვიდი არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო. 2012 წელს ყველას კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე იყო მაშინდელი პოლიტიკური გარემო, სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილეობდით. მაშინდელი გამარჯვება აღმოჩნდა ის მყარი საფუძველი, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. იმ დროს ალბათ წარმოუდგენელი იყო ისეთი მჩაგვრელი, ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაზე, უსამართლობაზე იყო ორიენტირებული. ძალადობა და ტერორი, ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამდევი ნაწილი. ეს ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ყველამ ერთად, თქვენთან ერთად და ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით ჩავაბარეთ წარსულს. ეს მძიმე წარსული ასევე თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით არასოდეს არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში.
მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიტანა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმის თაობაზე, რა მიღწევები აქვს „ქართულ ოცნებას“, დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, უვიზო რეჟიმით, თავისუფალი ვაჭრობის მიღწევით, ჯანდაცვის რეფორმით, სოფლის მეურნეობის სექტორში რეალური, ხელშესახები პროგრესით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით და ასე შემდეგ. ამაზე მე არ მინდა, რომ დღეს აქ ვისაუბრო, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თითოეულ მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს მიღწეული პროგრესი და ვისაუბროთ ჩვენს მომავალზე. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო შემდეგი: ყოველი არჩევნები არის განმსაზღვრელი ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების მომავლის. არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი თითოეული მოქალაქე თანამონაწილე ხდება ჩვენი აწმყოსი და ჩვენი მომავლის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების განმსაზღვრელია. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.