ირაკლი ღარიბაშვილი - მადლიერი ვარ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს მიანიშნებს იმ ნდობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლიერი ვარ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ჩამოვიდნენ საქართველოში, ეს მიანიშნებს იმ ნდობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს

საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა და ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა და თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რჩება მიუკერძოებელ, ნეიტრალურ ქვეყნად, რომელიც დაინტერესებულია, იყოს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში.

„თქვენ ახსენეთ სამმხრივი შეხვედრა. მე მქონდა შესაძლებლობა და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში ჩემი მოწვევით „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში. ჩვენ გვქონდა საშუალება, სამმხრივი მოლაპარაკება, საუბარი, დიალოგი გაგვემართა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, რაც მიანიშნებს იმ ნდობაზე, რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის მხრიდან ჩემი, ჩვენი მისამართით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად, მაგრამ ეს თავისით არ იქმნება, ამას სჭირდება მუშაობა, ურთიერთობა, ნდობის გამყარება, გაღრმავება. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვახერხეთ.

ახლაც, პანელზე მე ღიად ვთქვი, რომ საქართველო რჩება მიუკერძოებელ, ნეიტრალურ ქვეყნად, რომელიც დაინტერესებულია, რომ იყოს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის გარეშე არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.