საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიუს კალინდრას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში ლიეტუვის როლი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა სამხედრო განათლება, სტრატეგიული კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვასთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.