ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელშიც „ასოცირებული ტრიოსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო სადილს დაესწრო, რომელიც ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით „ასოცირებული ტრიოსა“ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგსა და „ასოცირებული ტრიოს“ პრემიერ-მინისტრების ერთობლივ ვიზიტს ბრიუსელში, რომლის დროსაც განხილული იყო სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობა.
ხაზი გაესვა დეკლარაციაში ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ დადასტურების აუცილებლობას, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ელოდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების აღნიშვნას, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.
შეხვედრისას, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.