საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას.
COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხილულ იქნა შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაციაში აისახება ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო.
გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პრეზიდენტის კაბინეტის მთავარი მრჩეველი იევა ულჩიცკაიტე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სკირმანტე სტრაიგიენე, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში რამინტა სტანაიტიტე-ჩესნულიენე, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.