ირაკლი ღარიბაშვილი - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი, ვინც ახლა გაერთიანებულია მის გარშემო, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი, ვინც ახლა გაერთიანებულია მის გარშემო, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის შეჩერება სურთ რადიკალურ დესტრუქციულ ძალებს.
მისივე თქმით, რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი.
„მოგეხსენებათ, ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილში ჩვენ გვქონდა რეგიონში და ალბათ, მსოფლიოშიც უპრეცედენტო ზრდა, 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს, მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავალს, მეტ საქმეს და მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას. ბიზნესი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და იცით, რომ გადავსებულია პრაქტიკულად სასტუმროები. ეს რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მტრებს. აქედან გამომდინარე, იმას, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟია ატეხილი ჩვენს საზოგადოებაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და ამასთან აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალებით სპეკულირება ამორალური საქციელია.
„კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია, სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება. სპეკულირებს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტრუქციული ძალა. ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ვინც ახლა გაერთიანებულია მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს არ აისახება კარგად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს, გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. 2012 წლის შემდეგ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგით არის ერთ-ერთი მოწინავე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვასწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული.
სულ რაღაც ორი კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ტელევიზია და მედიამ თავისუფლად დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.