ირაკლი ღარიბაშვილი - კრისტიან დანიელსონი არის გამოცდილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მოკლე დროში დასრულდება
კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება იქნება შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ამასთან, აღნიშნა, რომ შარლ მიშელის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ადასტურებს და ხაზს უსვამს ევროკავშირის ინტერესს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის.
„კრისტიან დანიელსონი იმყოფება ვიზიტით საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით ევროპული პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ, მისი ჩართულობა არ არის სისტემატიური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. სწორედ შარლ მიშელის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ადასტურებს და ხაზს უსვამს ევროკავშირის ინტერესს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. ეს არის რა თქმა უნდა, ნდობის გამოხატულებაა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ასეთივე პათოსითა და სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მინდა, სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი პარტიის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არა ერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან არა ერთი შეხვედრის დროს. მინდა, დღევანდელ დღეს ამ შეხვედრის შემდეგ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.