კოორდინირებული მუშაობის, მთავრობის სწორი, ეფექტური ნაბიჯების შედეგად, შევძელით, რომ მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა.
„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ბატონ კობა გვენეტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, პატივცემულ ელჩებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ბატონ კობას ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და საფინანსო სისტემის მიღწევები, რაშიც, რა თქმა უნდა, ბატონ კობა გვენეტაძეს თავისი წვლილი მიუძღვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში დღეს გვქონოდა მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ პანდემიის შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალი, შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც არის ურთულესი. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო, რა ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ. მაშინ, მახსოვს, ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია, ვაქცინების არარსებობა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დამხვდა, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე. ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან მიმართებით. ლარის კურსი თითქმის 3,4-ს შეადგენდა დოლართან მიმართებით. გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, 6%-იანი. არ გვქონდა ვაქცინები, ეკონომიკა იყო სრულ „ლოქდაუნში“ და ამას ემატებოდა პოლიტიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ და მახსოვს ჩვენი პირველი შინაარსიანი, ხანგრძლივი საუბარი და მახსოვს ის პროგნოზები, რომელიც მაშინ კეთდებოდა როგორც ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, ასევე ის პროგნოზები, რომელიც დაგვხვდა ჩვენ მთავრობაში. ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, მაშინ, როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, შევძელით, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა კობა გვენეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ. Gdp, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, წელს იქნება 25 მლრდ დოლარი, შესაბამისად, 80 მლრდ ლარამდე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, 8 000 დოლარს მიაღწევს მშპ და ლარი არის სტაბილური 2.6-2.65 ფარგლებში, დოლართან მიმართებაში. ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და, რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა. ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა, ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო კობა გვენეტაძეს. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე – ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რა სჭირდებოდა და რა სჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ერთად ორი წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა. ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით, ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში. თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ასევე მოისმინეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, პოლ ჰილბერსის, სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, მარტინ გალსტიანის და მოლდოვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ოქტავიან არმაშუს ვიდეომიმართვები. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.