ირაკლი ღარიბაშვილი - კონსულტაციები გვქონდა ეკლესიასთანაც, კანონში შევა ცვლილება და საკითხი დარეგულირდება, ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში
ირაკლი ღარიბაშვილი - კონსულტაციები გვქონდა ეკლესიასთანაც, კანონში შევა ცვლილება და საკითხი დარეგულირდება, ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში

რაც შეეხება „გირჩს“, ასე ვთქვათ, ამ გამოწვევაზე პასუხს, ჩემი იდეა იყო, რომ სტუდენტებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„თუ სტუდენტი ჩააბარებს უნივერსტეტში და ჩაირიცხება, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ წელიწადში, ზაფხულში ერთი თვე მოიცლი და წახვალ ჯარში – ერთი თვე რა პრობლემაა, ხომ? ივარჯიშებ, ისწავლი სროლას, ა.შ. ოთხი წლის განმავლობაში ოთხი თვე გამოუვა ჯამში – შენ ჩაგეთვლება ნამსაწურებად მთელი ეს პერიოდი. ოთხ წელიწადში ოთხი თვე არაფერია რეალურად. ეს არის პასუხი „გირჩის“ მავნებლურ, მკრეხელურ მოძრაობაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება.

„ამით ჩაიკეტა, მოგვარდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება და ეს საკითხი დარეგულირდება. ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. ეს იყო მთავარი მიღწევა, რომელზეც ჩამოვყალიბდით. აღარ იქნებიან მხოლოდ ყარაულები, არამედ მოემზადებიან, ეს იქნება დისციპლინირებული, ჯანსაღი, პატრიოტი თაობა“, – აღნიშნა პრემიერმა.