ირაკლი ღარიბაშვილი - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ახალი ტაქტიკაა, როგორმე შეაცდინონ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 20%, წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ახალი ტაქტიკაა, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ის 20 პროცენტი რამენაირად შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სინამდვილეში, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მისივე განცხადებით, არჩევნებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვას.
„რას ვგულისხმობ?. მოგეხსენებათ, ე.წ. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ მოახდინონ გაშლა. ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში, რომ, რაიმენაირად, ის 20 პროცენტი, უხეშად რომ ვთქვათ, გადაუწყვეტელი, შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“. სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენი საზოგადოება ამას არ მიიღებს.
არ არსებობს არცერთი რეალურად დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელი პარტია. იქნება ეს „ლელო-ნაციონალები“, „გირჩი-ნაციონალები“ თუ სხვა. ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთა მიზანიც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად მოვიგოთ და მოვიგოთ დამაჯერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.