ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ინტერესებისა და მოსახლეობის დაცვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერს და იზიარებს, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა, უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს.
ამასთან, პრემიერის თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაში ომი შეწყდეს.
„ძალიან სასიხარულოა ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ჩვენი მოსახლეობის დაცვას. მახარებს ფაქტი, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად არის გაზიარებული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ეს უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.