ირაკლი ღარიბაშვილი - ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გასაგებია, რომ სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის მიმართ, ყველა ქვეყანაში ზოგადად არსებობს ნდობა უცხოეთიდან.
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, „სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაში ვკითხულობდით, რომ ისინი ენდობიან სახალხო დამცველს იმ კონკრეტულ საკითხში“.
ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის შერჩევისას იცოდა, რომ ნინო ლომჯარია არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა.
„მე ნამდვილად ვერ წავიკითხე მსგავსი რამ. გასაგებია, რომ სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის მიმართ, ყველა ქვეყანაში ზოგადად არსებობს ნდობა უცხოეთიდან. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველი შეარჩია, ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი, ვინაიდან ვიცოდით რა, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას, იგი არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ პირდაპირ იყო ასოცირებულო და აპელირებილი ოპოზიციასთან, სწორედ ამ მიზნით მოხდა მისი შერჩევაც. იმ დროს, როცა ქალბატონი ლომჯარია აირჩიეს, მე არ ვიყავი პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ვიცი, ინფორმაცია მაქვს გუნდისგან წევრებისგან, რომ სწორედ შეგნებულად მოხდა ასეთი კანდიდატის შერჩევა. და ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ ამ ინსტიტუტის მომართ ამერიკას, ევროპის ქვეყნებს აქვთ ზოგადი მიდგომა და დამოკიდებულება არის ერთგვარი, რომ ზოგადად ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდმსმენის მიკერძოებული განცხადებები, თუ ქმედებები, რაც ცალკე განსჯის საგანი შეიძლება, გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას.
„ამ შემთხვევაში, მე გავიზიარებდი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს და ვიტყოდი, რომ ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს რეალობას. ერთი რამ მინდა ვთქვა საჯაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა ოფიციალურ სტრუქტურებთან. თქვენ ახსენეთ სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, უამრავი სხვა ორგანიზაცია, რომელიც რეალურად სახელმწიფოს წარმოადგენს, იქნება ეს შეერთებული შტატები, თუ ევროპის სტრუქტურები. მათ შორის ევროკავშირის სტრუქტურები, ევროკოკისია, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, როცა საუბარი გვაქვს საგარეო ფრონტიდან, ასე ვთქვათ, მიკერძოებულ განცხადებებზე. ყურადღებით ვისმენთ და ვკითხულობთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ოფიციალური სტრუქტურების განცხადებებსა და მათ გზავნილებს, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ძალიან მარტივად ვანსხვავებთ, აი ამ მეგობართა კლუბის მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.