ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.