ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას
ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვასა და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ ყოფნა, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით მართლაც გამორჩეულ ადგილას, ჩვენი გამორჩეული მეფის, ერეკლე მეფის ადგილას. ეს თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ გვახსოვდეს ჩვენი წარსული, რომ დავაფასოთ ჩვენი აწმყო და ერთად ვიზრუნოთ ღირსეული მომავლის შექმნაზე. ღირსეული მომავალი არ იქმნება ერთი ჯგუფის მიერ, ეს იქმნება ქართველ ხალხთან ერთად. 2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თქვენთან ერთად, „ოცნების“ მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. მე ნამდვილად არ ვაპირებდი ამ თემებზე სასაუბროდ აქ მოსვლას, ვინაიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შენებაზე, მაგრამ თუ ჩვენ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც დადგეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია – 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება და ოკუპანტის დაბრუნება საქართველოში. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს ღირსება დაუბრუნა.
„ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვასა და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. 2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ჩვენი ხალხისთვის მოიტანა უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან. სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ. მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენ შეუძლებელი შევძელით. თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო – ღირსეული, ძლიერი ხალხი! მინდა გავიხსენო ამ კუთხის გამორჩეული შვილები, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარეთ ჩვენი გამორჩეული გმირების, ჩვენი სამხედროების წინაშე. ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე. კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. ჩვენ, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანას და ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.