ირაკლი ღარიბაშვილი - ხაზარაძე არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი, წლების განმავლობაში იყო ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო შემსრულებელი, არავითარ შანსს არ დაგიტოვებთ, რომ ქვეყანა არიოთ
ხაზარაძე არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი, კაცი, რომელიც წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო, ხარისხიანი შემსრულებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხაზარაძე ედრება ბიძინა ივანიშვილს, ვინც 3 მილიარდი დოლარი საკუთარი ფული დახარჯა საქართველოში.
„ხაზარაძე გამოვიდა და მაინც არ სჯერა ამ კაცს, ურცხვად იმეორებს ერთი და იგივეს, არ სჯერა, რომ ქვეყანაში არის 21 000-ზე მეტი კილომეტრი გზა. 21 000, გაუმეორეთ ხშირად. გამოვიდა და აკრიტიკებს პარტიის დამფუძნებელს, მთავრობას და ა.შ. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ხაზარაძე არის სააკაშვილის ხარისხიანი მევახშე პარტნიორი, კაცი, რომელიც წლების განმავლობაში იყო სააკაშვილის ბიზნეს დატერორების დავალებების უბადლო, ხარისხიანი შემსრულებელი. მოსახლეობას კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ, ვინ არის ხაზარაძე. მევახშე კაცია, რომელმაც მიიღო 3 პროცენტი. სხვათაშორის, ხალხი ანეკდოტს ყვება, მას რომ 3 პროცენტად გაეცა სესხები და კრედიტები, დიდი ალბათობით, ჰქონდა შანსი, რომ სამჯერ სამი, ანუ 9 პროცენტი აეღო. ან მინიმუმ სამჯერ ათი პროცენტი, შეიძლება, მაქსიმუმ 30 პროცენტი აეღო მას რომ მანამდე 3 პროცენტში გაეცა და არ დაეტერორებინა ბიზნესები, არ წაერთმია უამრავი ადამიანისთვის ბიზნესი სააკაშვილთან ერთად.
მეორე – ხაზარაძე ედრება ადამიანს, ვინც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული დახარჯა ჩვენს ქვეყანაში – ბიძინა ივანიშვილს. ხაზარაძემ 3 მილიონი დოლარი დახარჯა ანაკლიის საუკუნის პროექტში, როგორც თავად ეძახის. მთავრობა 4 წელი ელოდა, ვერ განახორციელა, ჩააგდო პროექტი, ფული ვერ მოიტანა, 3 მილიონი დოლარი დახარჯა. დღეს რა გააკეთა ხაზარაძემ? რადგანაც ვერ შეძლო ამ პროექტის განხორციელება, წავიდა და დღეს სასამართლოში უჩივის ვის? მთავრობას კიარა, სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს ედავება მილიარდ დოლარზე მეტს. ეს არის ხაზარაძე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილთან ერთად პროვოკაციების უკან დგას ავთანდილ წერეთელი.
„კიდევ მეტი გაინტერესებთ თქვენს დამფინანსებელზე? ვინ არის წერეთელი, ვინც ასე ვთქვათ მთელი ამ ბინძური პროვოკაციების უკან დგას სააკაშვილთან ერთად, ცნობილი კონტრაბანდისტი, ბატონი ავთო წერეთელი და მისი შვილი მკვლელი, რადგან სამი ადამიანი ჰყავს მოკლული შევარდნაძის დროს. ფაქტებს გეუბნებით. ამის თაობაზე იყო სიუჟეტები, რა თქმა უნდა, არავინ არ შეიმჩნიეთ, გამწარებული ჰყავს ოჯახები და ეს ყველაფერი საზოგადოებამ კარგად იცის, ეს ხალხი ხართ თქვენ, რას გველაპარაკებით, რა გინდათ, რით ვერ დაიღალეთ, ხომ ხედავთ, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად აგებთ. არავითარ შანსს არ დაგიტოვებთ, რომ ქვეყანა არიოთ. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.