ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილმა ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში, ამ ფულით აფინანსებს ოპოზიციას, „ფორმულას“, თუ არ ვცდები, დღეს იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აძლევს ინსტრუქციებს
როგორ ბედავს საერთოდ კეზერაშვილის ტელევიზია, კითხვას რომ მისვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრს „ფორმულას“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „„ლუზერი“, „სიმულიანტი“, „ომის პარტია“ – ეს რიტორიკა არ მუშაობს და რატომ იმეორებთ ამას მუდმივად?“ – რაზეც ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„ტელეკომპანია „ფორმულა“ კეზერაშვილის არის. ადამიანმა, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა, „ფორმულას“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს ევროპელი პენსიონრებისთვის მოპარული ფულით. აბსოლუტურად ამორალურობა და გამაოგნებელი სინამდვილეა, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, რეკეტის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მთლიანად დატერორებული, მოიპარა ასეულობით მილიონი, ჯერ აქ საქართველოში, შემდეგ კი ყველაზე დიდი, საუკუნის ძარცვა ჩაატარა, მოიპარა მილიარდი დოლარი ევროპაში და ამ ფულით აფინანსებს „ფორმულას“, ყველას უხდის ხელფასებს და აფინანსებს ოპოზიციას. დღეს, თუ არ ვცდები, იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს, აძლევს ინსტრუქციებს. თქვენ საერთოდ, კეზერაშვილის ტელევიზია, როგორ ბედავთ, კითხვას რომ მისვამთ. დიახ, „ლუზერებს“ წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მე ვახსენე, რადგან მათ, გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოატანა არ შეუძლიათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.