ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, შეიარაღების მოდერნიზაციას, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკაზე ორიენტირებული წვრთნების ზრდას, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას, ტოტალური თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებასა და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მზარდი საგარეო დაფინანსება (FMF) და ერთობლივი წვრთნები. ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში დაგეგმილ ორმხრივ კონსულტაციებს (BDC).

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.