ირაკლი ღარიბაშვილი - კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს
კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მას აქვს ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები.
„კიდევ ერთხელ ყველა ადამიანს მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან, ვინც იმუშავა დღე და ღამე, 24 საათი. ჩვენს საჯარო მოხელეებს, პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, პროკურატურას ამ კითხვარის შევსების პროცესში. ჩვენ არავინ დაგვხმარებია მეგობრებო! ძალიან მალე, უმაღლეს დონეზე ჩავაბარეთ ყველა ტესტი, ყველა გამოცდა. მე ასევე მინდა, ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავხადო ევროკომისიის ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ეს ისტორიული ჩანაწერი გააკეთა დოკუმენტში – ქვეყანას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე რეკომენდაციაა მიცემული, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით და პრიორიტეტების განხორციელებით.
ახლა ჩვენი შემდეგი გეგმა რა უნდა იყოს: ძალიან მალე, სულ რაღაც ორ დღეში, დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დამტკიცდება. სამწუხაროა, რაც ჩამოვთვალე, ფაქტორები, ამათი აქტივობა, მავნებლური, მტრული კამპანიები, უკრაინის ფაქტორი და მათი დაჟინებული მოთხოვნები, მათი ლობისტების, ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით. ახლა ეს ემოციები გაივლის, იმედი მაქვს, რომ ხვალ და ზეგ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.
ახლახანს ვნახეთ კიდევ ერთხელ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვაც, სადაც ნახსენები არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომლებიც ითხოვენ ევროპაში გაწევრიანებას, დაბრუნებას და მიმართავს რეკომენდაციით, რომ ახლა უკვე ევროპული საბჭოს ჯერია და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა. ამ რეკომენდაციების ნაწილი არის ისედაც შეტანილი ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან. მანამდე იყო ძალიან ბევრი კონსულტაციები და ჩვენ შევჯერდით, საბოლოო ჯამში დამტკიცებულია ასოცირების დღის წესრიგი, სადაც გაწერილია დეტალურად, ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს და რომელმა უწყებამ რა ვადებში რა რეფორმები უნდა განახორციელოს დამატებით. ამას ჩვენ დავიწყებთ, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული მთავრობას, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.