ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და არა დამსახურებაზე დაფუძნებული, თუმცა გვჯერა, სტატუსს ქვეყანა მალე მიიღებს
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო რთული წარმოსადგენი.
„მინდა, შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები, ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და ჩვენი ჩართულობით. ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ, იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ – თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.