ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვესმის, რა დიდი გამოწვევაა სიცრუის მანქანასთან ბრძოლა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პროაქტიულ რეჟიმში ყველა ასეთ ბრალდებას საკადრისი პასუხი გავცეთ
კარგად გვესმის, რაოდენ დიდი გამოწვევა არის სიცრუის მანქანასთან ბრძოლა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პროაქტიულ რეჟიმში ყველა ასეთ ბრალდებას გავცეთ საკადრისი პასუხი, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, უშეცდომო არავინაა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს შეცდომები. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე მთავარია, რომ ისინი არ უნდა იყოს რაღაც სერიოზული პრობლემების შემქმნელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„მოსახლეობას მუდმივად უწევს გადაწყვეტილებების მიღება, ყველას, მათ შორის, ბიზნესს, მთავრობას, ყველას, მუდმივი საინფორმაციო პროპაგანდისტული ომის პირობებში უწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რაოდენ დიდი გამოწვევა არის სიცრუის მანქანასთან ბრძოლა და სიცრუესთან ბრძოლა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო პროაქტიულ რეჟიმში ყველა ასეთ ბრალდებას გავცეთ საკადრისი პასუხი, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ყველას მოგვდის, ჩვენც მოგვდის, შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ეს შეცდომები არ უნდა იყოს რაღაც სერიოზული პრობლემების შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.