ირაკლი ღარიბაშვილი - კანონის აღსასრულებლად ნებართვას არავის შევეკითხებით, ნიკა მელია ტყუილად ბაქიბუქობდა, ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო
ირაკლი ღარიბაშვილი - კანონის აღსასრულებლად ნებართვას არავის შევეკითხებით, ნიკა მელია ტყუილად ბაქიბუქობდა, ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო

ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ნიკა მელია ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ ვერასდროს დადგება.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც დაბლა. არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.