ირაკლი ღარიბაშვილი - კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ
კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საქართველო მოკლე გზებს არ ეძებს. როგროც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო რეფორმების გატარებას კვლავაც გააგრძელებს.
„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ნათლად. ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს კანდიდატის თაობაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს, არ ვეძებთ სიმარტივეს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, მაგრამ დღესდღღეობით კითხვა ისმის ასე, მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს თუ – არა და ეს გახლავთ გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა ქვეყნისადმი. რუსეთისთვისაც კი. ჩემი მხრიდან მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა რეფორმა, ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატული ინსტიტუტები, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, რაც შეეხება გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, სასამართლო რეფორმას. მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებით საბიუჯეტო გამჭვირვალობაში საქართველო ნომერ პირველია. ბიზნესის წარმოების მიმართულებითაც საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. ყველა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. საუკეთესო შემსრულებელია და ჩემი კითხვაა, რატომაც არა. კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა რეფორმა. ჩვენ ვიქნებით მოტივირებული, ვიქნებით მუდამ ფორმაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ევროკავშირიდან მონიტორინგის მისია. ეს არ გახლავთ ერთდღიანი გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი გადაწყვეტილება, ვიდრე მივიღებთ სრულუფლებიან წევრობას.
შესაბამისად, ევროკავშირიდან ველით ბრძნულ გადაწყვეტილებას. მოდით, აქ ღიად და გულახდილად ვისაუბროთ. როდესაც 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, მაშინ მსოფლიო ფიქრობდა, რომ შესაძლოა, კონტექსტი იყო განსხვავებული და ასე შემდეგ. ნება მიბოძეთ, ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის შემდეგ არავის მსოფლიოში არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. პირიქით, ვხედავდით რუსეთთან ურთიერთობების განახლებას, გადატვირთვას. 2014 წელს ყველა შოკირებული იყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და სულ ახლახან მთელი მსოფლიო ისევ გაკვირვებული და შოკირებული იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მე ვგულისხმობ, რომ დასავლეთისგან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური, პროპორციული. დღევანდელ რთულ დროს, ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანას, თანამოაზრე პარტნიორებს, ასოცირებულ ტრიოს – მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს კანდიდატის სიმბოლური სტატუსის მინიჭების გარეშე თუ დატოვებს, ყოყმანის გარეშე ვიტყვი, რომ ეს იქნება შეცდომა, რადგან ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მზად ვართ, გავაკეთოთ, გავაგრძელოთ ყველა რეფორმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.