ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, არც ერთი დაზარალებული არ დარჩება ზრუნვის გარეშე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო კახეთში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება.
როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დაავალა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც ზარალს ითვლიან.
„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში – ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე. შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.