ირაკლი ღარიბაშვილი - გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, კახა კალაძე ღირსეულად გაიმარჯვებს, მოსახლეობა ყოველთვის არჩევს ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს
გახარიასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება უკვე გავაკეთე, ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის ამ ადამიანის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ გუშინ განმარტებები გაკეთდა, შეხვედრის თაობაზე ისაუბრეს კახა კალაძემ, პარტიის ხელმძღვანელებმაც, რის გამოც პრემიერი მიიჩნევს, რომ საკითხის ირგვლივ კითხვები აღარ უნდა არსებობდეს.
„ვფიქრობ კითხვა, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი – რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.