ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდნენ
თუ თქვენი პირობები არ შესრულდება, აქ ჩამოვალ და თქვენთან ერთად გავაპროტესტებ სამართლიან მოთხოვნებს, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მაღაროელების მოთხოვნა არის სამართლიანი.
„მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა. თქვენი პროტესტი არის სამართლიანი. ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ. თქვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვთ, არც ერთი თქვენი მოთხოვნა არ არის უსამართლო. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ძალიან კარგად ვიყავი გარკვეული თქვენ პრობლემებში. უშუალოდ თქვენი ჩართულობით, მე მაშინდელი კომპანია და მენეჯმენტი დავავალდებულე , შეესრულებინათ თქვენი მოთხოვნები. დღეს სამწუხაროდ, კიდევ ვსაუბრობთ ნორმალურ კვებაზე, ნორმალურ, ღირსეულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხელფასების მატებაზე. თქვენი შრომა რაოდენ მძიმეა, კარგად ვიცი. ჩემს გამოსვლაში, ჩემი მეგობრების გამოსვლაში ყველამ ერთხმად დაგიდასტურეთ მხარდაჭერა და თანადგომა. თუ თქვენი პირობები არ შესრულდება, აქ ჩამოვალ და თქვენთან ერთად გავაპროტესტებთ თქვენ სამართლიან მოთხოვნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანიის მენეჯმენტი მზად არის, მაღაროელებს შეხვდეს და დაიწყოს მათი მოთხოვნების ეტაპობრივად შესრულება.
ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჭიათურაში იმყოფებოდნენ, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წარადგინეს, რის შემდეგაც გაფიცულ მაღაროელებს შეხვდნენ.